მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ისევ თუ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, ვილაპარაკებთ, რომ გავასაჯაროოთ შეხვედრის დეტალები, ამ საკითხებზე მდუმარება უხერხულია ჟურნალისტების და მთლიანად, საზოგადოების წინაშე
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ისევ თუ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, ვილაპარაკებთ, რომ გავასაჯაროოთ შეხვედრის დეტალები, ამ საკითხებზე მდუმარება უხერხულია ჟურნალისტების და მთლიანად, საზოგადოების წინაშე

ოპოზიციამ ისევ თუ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, ვილაპარაკებთ, რომ გავასაჯაროოთ შეხვედრის დეტალები, ამ საკითხებზე მდუმარება უხერხულია ჟურნალისტების და მთლიანად, საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებებზე არ გადაუდგამს არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი.

„ხან იტყვიან, რომ ულტიმატუმამდე მისასვლელი გზის ძიებაა კომპრომისი და ხან იტყვიან, საერთოდ რომ დავდეთ პატივი ქართველ ხალხს და მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, ეს არის კომპრომისიო“, – განაცხადა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის არა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარება, არამედ იმ პროცესების წახმარება, რომელიც ისედაც პრობლემების სახით მიდის, პანდემიის და აქედან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო.

„ამ ყველაფერს ესენიც ეხმარებიან ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამძაფრებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა იქნება კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში სათქმელი თქვა საქმით, წინ გადადგმული ნაბიჯებით და კონკრეტული კანონპროექტებით.

„ჩვენ პატიოსნად ვიქცევით და ამ შეხვედრების დეტალებს არ ვასაჯაროებთ, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ოპოზიციამ ისევ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, როგორც პირველ შემთხვევაში, ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ უნდა გავასაჯაროოთ ეს დეტალები, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით მდუმარება ცოტა უხერხულიც კი არის, თქვენი, ჟურნალისტების წინაშეც და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.