მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა
ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თავად არის კრიმინალური მენტალობის და თავად აგებს გეგმებს დესტრუქციაზე.
„ოპოზიცია მთავარ საკითხად თავად აყენებს გიორგი რურუას საკითხს, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების და საქართველოს მომავლის საპირწონედ. არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს მოდელი გაცილებით ჯობს იმას, რითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი დევს, მაშინ თვითონ ყალიბდება ოპოზიცია კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. კრიმინალებს ზოგადად, სჯის სახელმწიფო, კრიმინალურ ოპოზიციას სჯის ხალხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.