მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია თუ საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, ყველაფერს კიდევ უფრო გაგვიადვილებს, რადგან პირველივე ტურში დამარცხდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად და გარანტირებულად გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მაჟორიტარულ ოლქებში, პირველივე ტურში კიდევ უფრო გაადვილებს.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე მაჟორიტარი დეპუტატების საერთო კანდიდატების თაობაზე ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, თუ ოპოზიციას ერთი საერთო წარმომადგენელი ეყოლება, ამ შემთხვევაში, მეორე ტური ვეღარ და აღარ იქნება და „ქართული ოცნება“ არჩევნებს მინიმუმ 60-პროცენტიანი რეიტინგით დაასრულებს პირველივე ტურებში, მათ შორის თბილისში.
„ოპოზიციისთვის რჩევების მიცემას ნუ მაიძულებთ, მაგრამ რაც არ უნდა ქნან, რეიტინგები და განწყობები მეტყველებს იმაზე, რომ წააგებენ, ერთ მაჟორიტარს გამოიყვანენ თუ ცალ-ცალკე იქნებიან. შეიძლება, ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში, ზოგ ადგილას მეორე ტურები დაგვჭირდეს მაჟორიტარული არჩევნების მოსაგებად, თუ საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან, ყველაფერს კიდევ უფრო გაგვიადვილებენ, რადგან პირველივე ტურში დამარცხდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.