მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია თუ არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ მონაწილეობენ იმაში, რაც ამომრჩეველმა დაავალათ, როგორ შეიძლება, მათთვის ლეგიტიმური იყოს ერთადერთი რამ - ფული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი დეპუტატის უფლებაა პოლიტიკური ბოიკოტი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიას არათუ სახელმწიფო დაფინანსება უწყდება, არამედ დეპუტატს ხელფასიც კი არ ექვითება.
„სამართლებრივ სივრცეში ვიღაც ამბობს, რომ არ ვცნობ არც პარლამენტს, არც ინსტიტუტს, არც არჩევნებს და ამ სამართლებრივი სივრციდან გავდივარო. შემდეგ გეუბნება, რომ ერთადერთი, რაც ამ სამართლებრივ სივრცეში მისთვის ლეგიტიმურია, არის დაფინანსება და ფული მომეცითო. ჩვენ ვპასუხობთ, რომ თუ მათთვის ეს სამართლებრივი სივრცე, ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს, ასევე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არ მონაწილეობენ იმაში, რაც ამომრჩეველმა დაავალათ, ამ ყველაფერს ალარეგიტიმურად ცნობენ, როგორ შეიძლება, მათთვის ერთადერთი რამე იყოს ლეგიტიმური და ეს იყოს მაინცდამაინც ფული, რომელიც ამ სამართლებრივ სივრცეში მოაზრებულია, როგორც პარტიის დაფინანსება იმ შემთხვევისთვის, როცა პარტია საპარლამენტო ხდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.