მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია თითქოს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ულტიმატუმებით მელიაც ციხეში ჩატოვეს, რურუაც, და მიხეილ სააკაშვილის ნებას დაჰყვნენ
ოპოზიცია თითქოს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ულტიმატუმებით მელიაც ციხეში ჩატოვეს, რურუაც, და მიხეილ სააკაშვილის ნებას დაჰყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პარტიებს ინდივიდუალურად მოეწერათ ხელი, მდინარაძემ უპასუხა, რომ მოლაპარაკების პროცესი ყველა მხარის ხელმოწერას გულისხმობდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად იყო ხელმოსაწერად, თუმცა დოკუმენტში მითითებულ რამდენიმე საკითხზე საკუთარი პოზიცია ჰქონდა.
„მოლაპარაკების პროცესი მოიცავდა სავარაუდოდ, ყველა მხარის ხელმოწერას. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ ხელმოწერაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თანახმა ვიყავით ხელმოწერაზე. პრინციპულად ყველა საკითხს ვეთანხმებოდით და რამდენიმე დეტალი იყო, რომელზეც ჩვენი პოზიცია გვქონდა და საუბარი საერთოდ ვეღარ შედგა, რადგან მეორე მხრიდან იყო ულტიმატუმები. თითქოს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ბარიერის დაწევას და ა.შ. ცდილობდნენ, მაგრამ თავიანთი ულტიმატუმებით მელიაც ციხეში ჩატოვეს და მიხეილ სააკაშვილის ნებას დაჰყვნენ. რურუაც ციხეში ჩატოვეს, რომელსაც ბერკეტები აქვს, გათავისუფლებისა და შინაპატიმრობის გამოყენების თხოვნით შემოდგომაზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს. თვეების შემდეგ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება.
შეიძლებოდა, მათ საკითხი ამაზე დაეყენებინათ, მაგრამ ულტიმატუმები წამოაყენეს, რომ რამდენიმე დღეში გარეთ უნდა ყოფილიყო, რაც სამართლებრივი საკითხებით შეუძლებელია. ისეთი საკითხების ულტიმატუმად დაყენება, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით თეორიულადაც კი შეუძლებელია, ნიშნავდა მოლაპარაკებების ჩაშლას და მათ მეტი მცდელობა არ ჰქონიათ. ჩვენი მხრიდან ნახეს, რომ პრინციპული თანხმობა იყო და დისკუსია მხოლოდ სამ-ოთხ დეტალზე თუ იქნებოდა. შეთანხმება ბოლოში იყო მიყვანილი, მათ კი პირველ ხაზზე თავიანთი ულტიმატუმები წამოსწიეს, რაც ბუნებრივად მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.