მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში, ახლა რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ

ოპოზიცია სამი დღე ხომ ვატარეთ პარლამენტში და იძულებული გავხადეთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფილიყვნენ, სამუშაო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. მოდით, ახლა ყველამ იძულებული გავხადოთ, რეგლამენტიც წაიკითხონ და სხვა სვლებს დაელოდონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის საქმიანობას არ შეაფერხებს.

„ჩვენ არც პარლამენტის საქმიანობას შევაფერხებთ, კენჭსაყრელი საკითხებიც თავის დროზე იქნება გადაწყვეტილი, თემებსაც გავივლით და გარანტიას ვაძლევ მათ, პარლამენტის საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. როგორ და რა გზით, რეგლამენტი წაიკითხონ და იქნებ იქ რაღაც-რაღაცები აღმოაჩინონ და შემდეგ მკითხაობა არ მოუწიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

18 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. მისივე თქმით, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერც 19 აპრილს შედგა. ამასთან, საკითხზე პარლამენტში კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა, შესაბამისად, კენჭისყრაც ვერ ჩატარდა.