მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს, ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანს დიდი ფუსფუსი აქვს გაჩაღებული, როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემზადებიან, ამ ყველაფერს გოიმურად აკეთებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც დღეს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ლევან დავითაშვილს დღეს პრაქტიკულად არ უსმენს.
„რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს, დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს, რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ არ ვიცი. რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან, ისე გოიმურად, არ ვიცი, რა დავარქვა. არ აინტერესებს ამ ხალხს არცერთი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და რომან გოცირიძე ლაპარაკობს, იქ ნატო-ს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთო. არასერიოზული ხალხია, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ეს სპექტაკლი, რაც მათ დღეს უნდა მოაწყონ, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ, თავიანთი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“, – განაცხადა მდინარაძემ.