მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია, ბოლშევიკების მსგავსად, სასამართლოში კონკრეტულ ჯგუფს კლანის იარლიყს აკრავს, ამით ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელის შემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი გააჩინოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ამით ცდილობს, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელის შემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი გააჩინოს.
„ოპოზიციას ვერ ვასწავლით ვერც კონსტიტუციას და ვერც რეგლამენტს, ჩვენ მათ რეპეტიტორებად არ გამოვადგებით. კონსტიტუციის დარღვევის მიმართულებით თუ მიდიოდნენ, აბსოლუტურად სხვანაირად უნდა ემსჯელათ. მგონია, რომ იურისპრუდენციაში რაღაც მესმის და მეც ვეღარ ვიგებ, რას ლაპარაკობენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მათი მხრიდან კომისიის მიზანია, რომ კლანია თურმე სასამართლოში და უნდა დაადგინონ. როგორც ბოლშევიკები აკრავდნენ იარლიყებს, ასე აკრავენ ესენიც სასამართლოში კონკრეტულ ჯგუფს კლანის იარლიყს. ამით ცდილობენ, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელის შემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი გააჩინონ იმის კვალდაკვალ, რასაც ისინი მიჰყვებიან. სტატუსს ვერ მივიღებთ და ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდესო. საკუთარ განცხადებებში თავს ვერ იკავებენ. საშუალებას არ მივცემთ, მათ მიერ გამოგონილი საბჭოთა ნარატივი, იარლიყის მიწებების მცდელობით, გამოიყენონ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ამბობენ, თუ მივიღებთ, ხალხი მიიღებს, თუ არა „ქართული ოცნების“ ბრალი იქნებაო. წარმოიდგინეთ, რას ალაგებენ და რა მავნებლობას ჩადიან ამ ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.