მამუკა მდინარაძე - ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ იმ ადამიანებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ
ჯოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეწყვიტონ იმ ადამიანებზე თავდასხმა, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ.
„ჯოზეფ ბორელმა სიმართლე თქვა და როგორც კი ოპონენტებს ეს არ მოეწონათ, იმ წუთასვე მასზე შტურმი და თავდასხმა განახორციელეს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან ახალი არ არის. თავდასხმა იყო ელჩებზე. ზიზღისა და სიძულვილის ენაა სოციალურ ქსელში, ეს ძალიან ცუდია. როცა ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ რომელიღაც განცხადება, თუნდაც მწარე სიმართლე იყოს, ამ დროს ცდილობენ, თავს დაესხან, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დასავლეთი, ევროკავშირი. ამას კადრულობენ და ბედავენ, რაც სამწუხაროა. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი დაანებონ დასავლეთზე, ელჩებსა და იმ ადამიანებზე თავდასხმას, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.