მამუკა მდინარაძე - ოპონენტებისგან რუსული იარლიყის მოწებება სასაცილო ამბავი გახდა, არ გვეკერება ეს იარლიყი, როგორც იქნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს
როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ოპონენტების მხრიდან ამ რუსული იარლიყის მოწებება სასაცილო ამბავი გახდა. რა არგუმენტიც არ მოეწონებათ, რუსული, რუსულიო, – თუთიყუშებივით იმეორებენ დავალებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყანა იმდენჯერ არ ექნებათ ნახსენები, რამდენჯერაც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ მის მხარდამჭერებს თუ დავალების მიმცემებს, უფრო სწორად რომ ვთქვათ. წარმოუდგენელი ამბავია, პირდაპირ სისხლში აქვთ, რომ წინადადებაში რუსეთი ორჯერ ახსენონ და იარლიყი მიაკერონ, მაგრამ არც გვეკერება ეს იარლიყი მათ თვალში, ვინც საღად აზროვნებს, ობიექტურად მოფიქრალია და ხვდება, რომ როგორც იქნა, ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია. ეს არის მთავარი სიამაყის საფუძველი, რითიც ჩვენ ვმოქმედებთ, – აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ევროპული არჩევანის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაკეთდა და ევროპული გზიდან გადახვევის შესახებ ოპონენტთა ბრალდებას ხელისუფლება არ მიიღებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი ევროდეპუტატების დიდმა რაოდენობამ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა ამდენი ევროპარლამენტარი ტყუილზე აწერს ხელს.
„წარმოიდგინეთ, რა სიძლიერის, მასშტაბისა და ხარისხის შემოტევების მოგერიება გვიწევს იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ომში არ შეყოს თავი. ამდენი ევროპარლამენტარი ხელს აწერს ტყუილზე. იქ არის მოცემულობა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რაღაც გადაწყვეტილება, რეზოლუცია მიიღეს. აწამებენ მიხეილ სააკაშვილს? თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვეულებრივი ამბავია და იმ ხალხმა მოაწერა ხელი სიმართლეს, მაგრამ თუ ეს ტყუილია, და რადგან ეს ტყუილია, ფაქტია, ამ ხალხმა ხელი მოაწერა ტყუილზე. ანუ, ჩვენ შეხება გვაქვს იმ მასშტაბის კოორდინაციასთან, შემოტევასთან და იმ მასშტაბის ძალასთან, აღარ დავაკონკრეტებ, რომელსაც შეუძლია, ევროპარლამენტის ამდენი პარლამენტარი დარაზმოს და ტყუილზე მოაწერინოს ხელი, დაავალოს, თქვენ ამაზე მოაწერთ ხელსო“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ერთი და იგივეა.
„ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ერთი და იგივე იცით, რატომ არის? შენ რაღაცას არ აკეთებ, რაც მე მჭირდება და ამ რაღაცას რომ არ აკეთებ, მე იმდენად უნდა დაგაზიანო, რომ იქნებ შეგცვალო და სხვა გააკეთებს ამას. ესენი ომის ხალხი არ არიანო, გვითხრეს, აგერ, უკრაინიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ ასევე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ჩვენ, ერთი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ და, მეორე მხრივ, ვაიმე, თქვენი ჭირიმე, ამას თუ არ მოგვცემთ, ჩვენი ქვეყანა ჩამოიშლებაო, არ ვამბობთ. როცა პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა თქვა, თუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონო, ამაზე ატეხეს ამბავი, რუსეთისკენ გაუხვიესო. რუსეთისკენ კი არ გადავუხვიეთ, თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ფუნდამენტურ რეფორმებში წინ ვართ და სტატუსს მაინც არ მაძლევ, ძალიან დიდი ბოდიში. ნუ მჩაგრავ, თორემ მე მაინც ასე, ჩაგრულის პოზიციიდან ხელებაპყრობილი ვერ მოგექცევი, როგორც ღმერთს და ისეთი დამოკიდებულება ვერ მექნება, როგორც წმინდანის მიმართ. ერთი მხრივ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ თუ მაინც დამჩაგრავ, მეორედ, მეათედ, მე ზუსტად ის პოზიცია მექნება, რა პოზიციაც თავმოყვარე ქვეყანას და ადამიანებს ექნებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.