მამუკა მდინარაძე - ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი ცალკე პაკეტის გამოყოფის შემდეგ ვიღაცები ცდილობენ, ეს პოზიტიური ამბავი შეატრიალონ, როგორც აქამდე, სახელმწიფო არასოდეს დატოვებს მათ უყურადღებოდ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ონკოპაციენტების მიმართ სახელმწიფოს დახმარება ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. მდინარაძის განმარტებით, ონკოპაციენტებისთვის დამატებითი რესურსის სახით 25 000-ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო.
მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები 25 000-ლარიან პაკეტს ამოწურავენ, სახელმწიფო მათ დახმარებას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
„შეიძლება, ეს თემა დეტალურად არ ვიცოდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის საბაზისო 25 000-ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ. ონკოპაციენტებს სახელმწიფო აქამდე ისედაც ეხმარებოდა, 25 000-ლარიანი საბაზისო დამატებითი პაკეტის გარეშე. რა ინფორმაციაც მაქვს, ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა – 25 000-ლარიანი დახმარება არის ცალკე პაკეტად. სახელმწიფო ამ პაკეტის გარეშე ისედაც ეხმარებოდა ონკოპაციენტებს და არცერთ მათგანს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე. პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში, გაგრძელდება დახმარება. იქ არის რეფერალური ფონდები და ა.შ. დეტალურად ამის ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, მაგრამ როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, ოღონდ ამ ყურადღებას კიდევ ერთი, ახალი პაკეტი, 25 000-ლარიანი დაემატა, რათა თავიდან ვისაც რა დასჭირდება, ამის ფარგლებში იმკურნალოს, ხოლო შემდეგ, როგორც აქამდე იყო მათი მკურნალობა, ისე გაგრძელდება. როგორც ვიცი, ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს შემდეგ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იწერებოდა განცხადება და შეისწავლებოდა თემა, ეხმარებოდნენ პაციენტებს. იმ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ და თანამედროვე სამყაროში, მგონი, განუკურნებელი სენი არ არსებობს, მთავარია, დროულად პროფილაქტიკური, სამედიცინო ღონისძიებები და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს იმედი მივცეთ, შემოვუძახოთ, გვერდზე ისედაც ვუდგავართ როგორც ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად, ამის ნაცვლად ვიღაცები პიარის აგორებას აპირებენ. ძალიან ვთხოვ ყველას, დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას, მიაწოდონ სწორი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კომუნიკაციაში იქნება, აუხსნიან დეტალურად და, ბუნებრივია, დახმარება როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.