მამუკა მდინარაძე - ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლით ერთია, რომ საერთაშორისო სამართლი ნორმების უხეში დაირღვა და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ
ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა და აღმაშფოთებელი ფაქტია, ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა უმაღლეს დონეზე საქართველოს ხელისუფლებას, გამოწვეული იქნა ელჩი, პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური სვლა და განცხადება, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო, გაკეთდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ.
„ჩვენი ვალია, ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთის მიერ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მსგავსი მიუღებელი აქტივობის მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე მეორე მიმართულება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის ლიდერმაც საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, აღიარებასთან დაკავშირებით არ იფიქროს. ჩვენ ამ გზაზე, დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის გზაზე უნდა ვიაროთ ნებისმიერი რამის მიუხედავად. ორ კვირაში გვაქვს ვიზიტი, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სადაც ველაპარაკებით სხვადასხვა ქვეყნებს, ძალიან პატარა, ბევრმა ადამიანმა სახელიც რომ არ იცის, ასეთი ქვეყნის წარმომადგენლებსაც და ასეთი ხდება ყოველწლიურად, მათ შორის, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმ ქვეყანასაც ამ თემაზე და ყველა გზა გამოვიყენოთ, რათა არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებული და მცდელობა არ დავაკლოთ სადამდეც კი შესაძლებელი იქნება. ერთია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, წარმოუდგენელი ამბავი და მეორეა, რომ არაღიარების პოლიტიკის გზა არ უნდა დავაზიანოთ არაფრით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.