მამუკა მდინარაძე - ობიექტურები უნდა ვიყოთ, შეიძლება, მეტს ველოდით, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ
ობიექტურები უნდა ვიყოთ, შეიძლება, მეტს ველოდით, შეიძლება, ამ შემთხვევაში მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ იქნებოდა, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს დღეს ევროპელმა ლიდერებმა თქვეს.
„შემიძლია, მოგილოცოთ ევროპული პერსპექტივის აღიარება ევროკომისიის მხრიდან და ასეთივე იქნება ალბათ გადაწყვეტილებაც. თუმცა აქვე, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროა გარკვეული პერიოდით კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადება. როგორც უკვე ითქვა, ამას გარკვეული ობიექტური საფუძვლებიც გააჩნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და აღნიშნა, რომ „მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩვენ არა, ეს დღეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა“.
„პასუხისმგებლობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პირველ ადგილზეა, რეალურად, ყველა ობიექტური კრიტერიუმით ბუნებრივია, აღებაც არ სჭირდება. ნეგატიურ თემებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ ვერასდროს გაექცევა. თუმცა ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე და თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა.
სამწუხაროდ, შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს დღეს უკრაინას, ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემებით ის პირველ ადგილზეა, მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, სჭირდებოდა გარკვეული წახალისება და ევროპამ ეს სწორი ნაბიჯი მასთან მიმართებაში გადადგა. ასევე მძიმე მდგომარეობაშია, არა ამდაგვარი ხარისხით, მოლდოვა, სადაც მაგალითად ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან ორ მილიონ ნახევრიან ქვეყანაში. რა თქმა უნდა, იქაც პრობლემები ბევრია, მოლდოვას გაცილებით მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა ერთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა მხოლოდ. რა თქმა უნდა, მასაც სჭირდებოდა გარკვეული წახალისება ამ მიმართულებით. მესამე ქვეყანა არის საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები, ისევე როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. დათქმები ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში კანდიდატის სტატუსი მონიჭება გადაგვივადეს, თუმცა ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
ობიექტურები უნდა ვიყოთ, შეიძლება, მეტს ველოდით, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, ეს ევროპელი ლიდერების მხრიდანაც აღიარებულია, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. ამიტომ, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა, მაგრამ საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს მხოლოდ ჩვენ არა, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.