მამუკა მდინარაძე - ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ აშშ გვეხმარება და ქართველები მოწყალების შემყურედ ვართ, ქართველები სისხლით დავდექით მათთან, ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას
ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, დიახ, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება პარტნიორებს და მეგობრებს შორის, ეს არის სწორი დამოკიდებულება, ასევე, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც დღეს არ გვაქვს, უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, ასევე აშშ-დან უნდა გაიზარდოს ინვესტიციები.
„ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეები თუ ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, ასევე, უნდა იყოს პირდაპირი ფრენები. დიახ, უნდა გადაიხედოს. ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ამას გადავხედავთ. გადავხედოთ ამ ურთიერთობებს და გავაკეთოთ ასე – ფრენები უნდა იყოს პირდაპირი ჩვენს მეგობრებთან, უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა. ჩვენ გმირები რომ დაგვეღუპა მშვიდობისთვის ბრძოლაში, მათ მხარდამხარ რომ ვიბრძოდით, ასეულობით ადამიანი რომ დასახიჩრდა, დაიჭრა, ჩვენ ჩვენი კონტრიბუცია გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობებში საკუთარი კონტრიბუცია აქვს.
„რამდენიმე მილიარდი დოლარი დაეზოგათ ჩვენი მისიების ჩართულობის გამო. ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ. ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებიან და ქართველები მოწყალების შემყურედ გამოვდივართ. ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთეთ, ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან არცერთ ქვეყანას იმხელა კონტრიბუცია არ განუხორციელებია ამერიკელების და ევროპელების მხარდამხარ, რაც საქართველომ. სისხლით დავდექით ქართველები. ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას“, – განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს, ნათქვამია: „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.