მამუკა მდინარაძე - ნიკა ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის ჩვენებები რთული მოსასმენი იყო, თუმცა სამწუხაროდ ახალი და ხელშესახები არაფერი არ უთქვამთ
მამუკა მდინარაძე - ნიკა ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის ჩვენებები რთული მოსასმენი იყო, თუმცა სამწუხაროდ ახალი და ხელშესახები არაფერი არ უთქვამთ

ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები, თუმცა რაიმე ახალი, ხელშესახები ინფორმაცია, რომ გამოძიებას მიეცეს, სამწუხაროდ, არ უთქვამთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლოთაშვილი გამოძიების ფარგლებში დაკითხულია, ხოლო ვაჩეიშვილი – არა, რის შესახებაც გამოძიებას აუცილებლად დაუსვამენ კითხვებს.

„ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ. თუმცა ახალი ხელშესახები, რომ გამოძიებას რაიმე მისცეს, ასეთი მათ, სამწუხაროდ, არ უთქვამთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება, რატომ არ დაიკითხნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებმა გამოკითხეს. მდინარაძის თქმით, საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებული არიან საგამოძიებო კომისიაში.

„როდესაც ამ საქმეს, შესაძლოა, სავსებით სამართლიანად საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მაშინ სამი მთავარი კითხვა იყო. ეს სამი კითხვა ფარდულსა და მის დანგრევას, გაღუნულ დანას და სუბელიანის თემას შეეხებოდა. სუბელიანი დღეს დაკავებულია. მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ რჩება. ფარდულს რაც შეეხება, მისი აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება. ვიღაცას ფარდული შეგნებულადაც დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს. დღეს აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება. რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად გამოკითხეს პოლიციელებმა და მათთან ოპერატიული მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის და მათი დაკითხვა შემდეგ ოფიციალურად ხდება. ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებულია. ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები ჩვენ აუცილებლად გვექნება, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ქალი, რომლის სახლის ფანჯრები იმ ფარდულის მხარეს არის, სადაც დაპირისპირება მოხდა, მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს დღესვე გამოკითხავენ.

რაც შეეხება კითხვას, დევს თუ არა საქმის მასალებში მოწმე იორდანიშვილის ჩვენება, მდინარაძე პასუხობს, რომ მისი ჩვენება საქმეში არის.

„ეს ადამიანი ის კაცია, რომელიც ყველაფერს რამდენიმე მეტრიდან უყურებს და დღეს ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და არ ახსოვს. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.