მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას მსგავს ბრალდებას ამერიკელები შიდა ტერორიზმს ეძახიან, საქართველოში გინდათ, რომ ამას გმირობა დაარქვათ?
დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენს მოეხსნა იმუნიტეტი და დაახლოებით სამი კვირის წინ დაკავებულ იქნა ზუსტად ანალოგიური ბრალდებით. იმის გამო დააკავეს, რომ კაპიტოლიუმში შტურმით შევიდა. ეს ამერიკელების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და კოლეგების მიერ შეფასდა როგორც შიდა ტერორიზმი. თქვენ გინდათ, რომ საქართველოში ამას გმირობა დაარქვათ, ამერიკელები ეძახიან შიდა ტერორიზმს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი ფაქტი, როდესაც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლიდერს ანალოგიური ბრალდების გამო აკავებენ და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში უშვებენ“.
მისივე თქმით, გირაოს გადაუხდელობის გამო პირს აღკვეთი ღონისძიება ყველა ქვეყანაში უმძიმდება.
„გირაოს გადაუხდელობისთვის, მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების დარღვევის გამო ყველა ქვეყანაში უმძიმდებათ აღკვეთი ღონისძიება. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.