მამუკა მდინარაძე - ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ საყვედურსა და პროტესტს, მაგრამ არა ხალხისგან, ვინც 2008 წელს რუსეთს ტერიტორიები ჩააბარეს
პარლამენტისა და ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად მძიმე შეცდომა იქნა დაშვებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ყველაზე თანაბრად ნაწილდება და ამას არავინ გაურბის.
„პასუხისმგებლობას არავინ გაურბის და ყველაზე თანაბრად ნაწილდება მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები არსებობდნენ. ბევრი ჩვენთაგანისთვის ასამბლეის ფარგლებში ცნობილი არ იყო, რომ რუს დეპუტატს სხდომა უნდა წაეყვანა. ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, ეს სხდომა ჩაშლილიყო. პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიის ხელმძღვანელთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომუნიკაცია მქონდა და მათი მყისიერი რეაქცია ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საყვედური ნებისმიერი მოქალაქისგან მიიღება, მაგრამ არა ხალხისგან, ვინც მდინარაძის განცხადებით, 2008 წელს რუსეთს ტერიტორიები ჩააბარეს.
„ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ საყვედურსა და პროტესტს, მაგრამ არა იმ ხალხისგან გაპროტესტებას, ვინც 2008 წელს რუსეთს ტერიტორიები ჩააბარეს, პრაქტიკულად თავისი ხელით გადასცეს და სამი თვის შემდეგ იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც მთლიანად რუსული ნარატივი იყო და რუსეთს კონცერტების ჩატარებას ეხვეწებოდა, კულტურის სამინისტროს წერილებს წერდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.