მამუკა მდინარაძე - ფოტიგა ერთ-ერთი ლობისტი და შეიძლება, დავალების მიმცემიც კი იყოს
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, მედიათავისუფლებას, ან წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს, ან განზრახ აზიანებს ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ, ანა ფოტიგას განცხადებას, სადაც ამბობს: „ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს. მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.
„ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს, ის ერთ-ერთი ლობისტი და შეიძლება, დავალების მიმცემიც კი იყოს. „ნაცმოძრაობაზე“ ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება. ისინი დავალებებს იღებენ. ამიტომ იყო ჩვენი განცხადებები, რომ ჩვენი პატივცემული ოპონენტები გაერკვნენ, რომელ ქვეყანას ემსახურებიან. ქვეყნის გარეთ ვინმე თავის კოლეგას თუ არწმუნებს, რომ საქართველოში ახლა ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ომი გვირჩევნია, ჩვენც და ქართველ ხალხს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ ამ ქვეყანაში. როცა ერთი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, ამას არ ვლაპარაკობდი შემთხვევით. დღესაც არ ვლაპარაკობ შემთხვევით, რომ რაც არ უნდა დამაზიანებელი იყოს ხელისუფლებისთვის, მსხვერპლს რასაც ეძახიან, ამაზეც წავალთ, ოღონდ არ დაზიანდეს ქვეყანა. ომის დაწყებას არ დავუშვებთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.