მამუკა მდინარაძე - არ ვაპირებთ, გაყალბებული არჩევნების შესახებ ცრუ ბრალდება შევირჩინოთ
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მე დისკომფორტი შემექმნება თუ არა, მთავარია, დისკომფორტი არ შეექმნას სახელმწიფოს და პრობლემები არ ჰქონდეს ქვეყნის პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამას ჩვენ უზრუნველვყობთ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „პარლამენტში 60 თავისუფალი ადგილი გიქმნით თუ არა დისკომფორტს“.
მდინარაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტი გამართულად იმუშავებს, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე ადამიანის დისკომფორტს და ძალიან ხშირად თქვენ, ჟურნალისტები, სვამთ ხოლმე ამ კითხვას – უქმნის თუ არა ეს დისკომფორტს მამუკა მდინარაძეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე დისკომფორტი შემექმნება თუ არა. მთავარია, დისკომფორტი არ შეექმნას სახელმწიფოს და პრობლემები არ შეექმნას ქვეყნის პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, სახელმწიფოს ნორმალურ ფინქციონირებას, ამას ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ ასე არ მოხდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტი იმუშავებს გამართულად. მაგრამ, მე იმედს ვიტოვებ, რომ იფიქრებენ რაციონალურად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს საერთო შეთანხმების შემდეგ, ჩვენ ორივე მხრიდან, საბედნიეროდ, ვისმენთ განცხადებებს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები და მეგობრებიც გამოეხმაურნენ ამ ამბავს დღეს იგივე პათოსში.
ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეუძლებელია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს მთავარი შეთავაზება, რომ თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1- პროცენტიანი გადახრა მაინც იქნება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ისინი შეძლებენ ამის ვინმესთვის დამტკიცებას, მაშინ იქნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ, მე პირადად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ შეძლებს და პირდაპირ გეუბნებით, ნამდვილად არ ვაპირებთ შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ.
გაყალბებული არჩევნების შესახებ ცრუ ბრალდება გამორიცხულია, რომ შევირჩინოთ. ამიტომ, შემობრძანდნენ, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, გამოიძიონ, ნახონ მტკიცებულება, თუ კი ბუნებაში ასეთი არსებობს და ერთ პროცენტიანი გადახრის შემთხვევაშიც, არათუ 10, 5, 7 და 12 პროცენტიანი გადახრის, რასაც ისინი ამბობენ, ჩვენ ყველაფერზე მზად ვართ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.