მამუკა მდინარაძე - ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვას რომ უწყობენ
ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უწყობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, დემოკრატიაში რაღაც ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს, ვისაც უნდა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება.
ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის აშშ-ში ვიზიტის დროს, ამხელენ იმ ფეიკნიუსებს, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება.
„თუ ოპოზიციას ნამდვილად უნდა, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, შეუძლიათ, 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე და იმაზე, იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი, თუ შიდა დემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე პარლამენტში სალაპარაკოდ ერთადერთი მიზეზით არ შემოდიან, ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და ფეიკნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე. თუმცა სიმართლე გამოიკვეთება პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ ფეიკნიუსებს, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პიკეტირების დროს თუ იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.
„თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არ მოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, ასევე არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.