მამუკა მდინარაძე - ნამდვილად არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს სიტყვის თავისუფლება შეეზღუდოს, მით უმეტეს პარლამენტის წევრს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის ფორმატში ხვალინდელი შეხვედრა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პარტიულ, საორგანიზაციო საკითხებს შეეხება.
მისი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლები, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
„უმრავლესობაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალინდელ შეხვედრაზე. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არა მხოლოდ იმ ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში უმრავლესობაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, დისციპლინის დოკუმენტის მიღება უმრავლესობის არც ერთ წევრს სიტყვის თავისუფლებას არ შეუზღუდავს.
„სამომავლოდ საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული შრომის ორგანიზებისთვის საჭირო წესებზე. ნამდვილად არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმეს სიტყვის თავისუფლება შეეზღუდოს, მით უმეტეს პარლამენტის წევრს. ასეთი რამე დაუშვებელია. ამას არ გულისხმობს წესები, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ შესაძლებელია გაიწეროს უმრავლესობის შიგნით საქმიანობის დროს, რაც უმეტესწილად შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, მის უფრო დახვეწას და ასე შემდეგ.
დინამიკა ამ მოვლენების განვითარების გვაჩვენებს, რომ ყველაფერი ლაგდება უმრავლესობაში. იყო გარკვეული ლოკალური პრობლემები, რაც ცოტა არ იყოს უტრირებულად მიეწოდა საზოგადოებას, თუმცა ჩვენ უმრავლესობის შიგნით ამ პრობლემების დალაგებას ბოლომდე შევძლებთ. დარწმუნებით ვამბობ ამას და გავაგრძელებთ საქმიანობას იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის საკითხს, მამუკა მდინარაძის თქმით, თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ მის პირად ნებაზე.
„არანაირი თვითმიზანი უმრავლესობის არც ერთი წევრის არ არის ის, რომ რომელიმე მათგანმა დატოვოს ან არ დატოვოს უმრავლესობა. ჩვენ საკითხებს, თუნდაც მცირე გაურკვევლობებს გავარკვევთ და ასეც უნდა მოვიქცეთ, ეს ჩვენი ვალია, უმრავლესობის შიგნით. აქედან გამომდინარე, თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება, ნებისმიერი სახის დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის ნებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა ხვალ გაიმართება. შეხვედრა პარტია პარტიის ოფისში 11:00 საათზეა დაგეგმილი.