მამუკა მდინარაძე - „ნამახვანჰესის“ პროექტს როცა ეწინააღმდეგები, ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800-მილიონიანი ინვესტიციის ინტერესს
„ნამახვანჰესის“ პროექტს როცა ეწინააღმდეგები, ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800-მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პროექტის მოწინააღმდეგეები ნებსით თუ უნებლიეთ ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელიც რუსეთს აწყობს.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ გუშინდელ აქციაზე პოლიტიკური შინაარსის გზავნილებიც გახმოვანდა, რაც სამწუხაროა.
„შენიშნავდით, რომ გუშინ ის ელფერი იყო, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკურად გარდაქმნას მოასწავებდა. ამაზე წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, მაინც და მაინც მკაფიო არგუმენტები არ ჩანს. ვინც აორგანიზებს, პირდაპირ ეთერში დებატებსა და გადაცემებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ. ჩნდება გარკვეული ეჭვები. ამის იქით მე არ წავალ. ნებსით თუ უნებლიეთ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რა ხარისხის ინვესტიციაზე, ენერგოდამოუკიდებლობის რა კომპონენტსა და რა მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, სულ ცოტა ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800-მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს.
სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ელფერი, რომელიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა გუშინ. არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო. გუშინ, პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა ამ აქციაზე, რაც სამწუხაროა. ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მაგალითად, თანხმობა კახა კუჭავას ძალიან მაგარ ინიციატივაზე, როცა მან კომუნიკაცია თავად სცადა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა, უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ, არ გინდა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. არგუმენტების ჭიდილი შესაძლებელია იყოს ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაა მართალი, რამდენად მნიშვნელოვანია სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ამ ქვეყნისთვის და მეორე მხარეს ის მითები თუ რეალობა, რომელიც მათ არგუმენტების სახით აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.