მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის წინააღმდეგ ხელის გაქნევა „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს, პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი თუ არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ეს გამოდგება ვაჟკაცურ საქციელად
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის წინააღმდეგ ხელის გაქნევა „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს. პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი თუ არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ეს გამოდგება ვაჟკაცურ საქციელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძემ მოუწოდა ყველას, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
„პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივის წარმომადგენელს და მომხრეს, არამედ ნებისმიერს – „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ ხელის გაქნევა ემსახურება „ნაცების“ საქმეს. შეიძლება ვიღაც გულწრფელად გაბრაზებული იყოს და ისე მოქმედებდეს, არ ვიცი, ამ შემთხვევაში ამასაც გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ხელის გაქნევა მხოლოდ და მხოლოდ მათ საქმეს აკეთებს. მივმართავ ყველას, რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, მათ წინააღმდეგ ხელს თუ გაიქნევთ, ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, წინ და უკან დაბოდიალობდნენ და ყველა მათგანი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, ცდილობს, 5%-იან ბარიერს მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ აქვთ.
მათ წინააღმდეგ ხელს თუ გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, გაცოცხლდნენ პოლიტიკურად. „ნაცზე“ მეტად არავის აწყობს ეს ყველაფერი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რაც არ უნდა ვიღაცამ წაგაქეზოთ ან რაღაც ემოცია, გაბრაზება გამოძრავებდეთ, თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ყველას მხრიდან არაკაცობად შეფასდა, ვერც ეს გამოდგება ვაჟკაცურ საქციელად. ამიტომ ყველას ვთხოვ, „ნაცების“ საქმეს ნუ გააკეთებენ და თავი დაანებონ მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას, რადგან ეს მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. რაც შეეხება რეაგირებას, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. დეტალურად არის გამოსაკვლევი, რაიმე კონტაქტი არის თუ არა ვინმესთან, რაღაც ინფორმაცია არსებობს, რაზეც ალბათ ხვალ და ზეგ მეტს ვილაპარაკებ. ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკოთ, ჯერ თავად თქვან „ნაცებმა“, რაიმე კონტაქტი ხომ არ არსებობს, რაიმე ბმა ხომ არ არსებობს და რაღაც ხომ არ ხდება, შემთხვევითი არის თუ არა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.