მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ შეთქმულების მუხლზე და ტერორიზმს არ ახსენებდნენ, რაც, სულ მცირე, ძალიან საეჭვოა, ყველამ იცოდა, რაში იყო საქმე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მოწმეები და უფლებადამცველები თავდაპირველად აქცენტს აკეთებდნენ მხოლოდ შეთქმულების მუხლზე და შეგნებულად არ ახსენებდნენ ტერორიზმის მუხლს.
მდინარაძის თქმით, სულ მცირე, ეჭვს იწვევს, რატომ ერიდებოდნენ ტერირიზმის მუხლის შესახებ კომენტარის გაკეთებას, მაშინ როცა ყველამ იცოდა, რაში იყო საქმე.
„პირველი სამი დღე იცოდნენ, რომ ორი მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება. არა მხოლოდ ისინი, არამედ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ. დავუშვათ, ვიდრე გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, გამოსვლის შემდეგ ხომ ყველამ იცოდა, რომ ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობდა და ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოკითხვის პროცესშიც, როგორც მათივე ნათქვამიდან აღმოჩნდა. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები ამაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი. ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე. თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა არაფრის შანსი რომ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი. ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ. რატომ? არ იცოდნენ? დავუშვათ, მისვლის მომენტში არ იცოდნენ, მაგრამ გამოსვლისას ხომ იცოდნენ? ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდნენ? ე.ი. მარტივად გაიშიფრნენ. გაუთქმელობა რანაირი არგუმენტია, გაუთქმელობა ეხებოდა ტერორიზმს და შეთქმულებას – არა? ნახეთ ტელევიზიების ნარატივი, მხოლოდ შეთქმულებაზე საუბროდნენ, მესამე დღეს რომ გამოჩნდა, ტერორიზმის მუხლიც იყო, შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი. სუს-მაც დაადასტურა ტერორიზმის და შეთქმულების მუხლი, პირველ დღეებში მათ რატომ დამალეს ტერორიზმის მუხლი? ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს ხელი არ აქვთ მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე? გუშინ ჰქონდათ და დღეს არ აქვთ, მოსამართლემ ან გამომძიებელმა მისცათ უფლება, ამაზე ილაპარაკეთო? საგულდაგულოდ მალავდნენ და ახლა იძულებული გახდნენ, ამაზე ილაპარაკონ. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მათი მედია პირველ დღეს შეთქმულებაზე საუბროდა, წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე და ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებასა და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე. მალავდნენ და საუბრობდნენ შეთქმულების მუხლზე, რომ შემდეგ, როგორც იციან, ამაზე ეღლიცინათ, თითქოს მორიგი არარეალური და აბსტრაქტული გამოძიება იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი. ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.