მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ხალხს როცა ძარცვავდა, ქუჩებში კლავდა, ხაზარაძე განუსაზღვრელად მდიდრდებოდა, სააკაშვილმა დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა
საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია რომ ვერაფრით ხერხდება, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებული არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანია, საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ეცდებიან ხალხის მოტყუებას.
„მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები. მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი ასევე საბოლოოდ ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად, განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად, ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი თუ პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა.
„მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა.