მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობასთან“ არარსებულ რევოლუციურ გეგმაში შეყოლით, ოპოზიცია მომხრეებს ვერ დაიმატებს, იმედი მაქვს, პარლამენტში შემოვლენ და ქვეყნის არევაში მონაწილეობას არ მიიღებენ
„ნაცმოძრაობასთან“ არარსებულ რევოლუციურ გეგმაში შეყოლით, ოპოზიცია მომხრეებს ვერ დაიმატებს. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით“, სხვა პარტიები გონს მოეგებიან და მათ ქვეყნის არევის გეგმაში არ შეჰყვებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის მსხვერპლი არიან. მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი პარლამენტში შევლენ და ამომრჩეველს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ.
„ამ დროისთვის ოპოზიციასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ერთი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს მიჰყვებიან და ახლა ფიქრობენ, რომ თავისი თავი არ დაიზიანონ. „ნაცმოძრაობასთან“ არარსებულ რევოლუციურ გეგმაში შეყოლით, ისინი მომხრეებს ვერ დაიმატებენ, გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, სხვა პარტიები გონს მოეგებიან, ქვეყნის არევის გეგმაში არ შეჰყვებიან და რეალობიდან გამოვლენ, სიმართლე რაც არის, იმ მხარეს დადგებიან. ქუჩაში აპროტესტებენ, უკან დასახევი გზა არ აქვთ და ახლა ვერ იტყვიან, რომ საარჩევნო უბნის გახნის შედეგად, თურმე უბედურება არ აღმოჩნდა, ბოდიში და ახლა პარლამენტში შევდივართო. მათაც სჭირდებათ გამოსავალი და თავის მომხრეებთან გამართლება იმის, რასაც აკეთებდნენ. ეს დესტრუქციაში ჩაყოლაა და ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ და მათ ფლანგზე შექმნილი აზრის ბულინგის მსხვერპლი არიან. იმედი მაქვს, როცა გაანალიზებენ, პარლამენტში შემოვლენ, საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ და ქვეყნის არევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რაც არ შედგება, რადგან დღეს სახელმწიფო სხვა სიმაღლეზე დგას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დააკომპლექსონ ის პარტიები, ვისაც შესაძლოა, პარლამენტში შესვლა უნდოდეს.
„პატარა პარტიებს ეუბნებიან, ჩვენს მხარეს თუ არ დადგებით, მოგისყიდესო. თუ ვინმე საჯარო კომენტარს აკეთებს, რომ პატარა პარტიების მოსყიდვა დაიწყება, თავის პარტნიორებს უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ, რომ შეიძლება, ვიღაც გაიყიდოს. იცით, ამ ნათქვამში მათი მიზანი რა არის? რომ ვინმე დააკომპლექსონ, ვისაც შესაძლოა, კონსტრუქციული მოქცევა და პარლამენტში შესვლა უნდოდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.