მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობას“ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვს, პრობლემაა „ნაცობაში“, რაც არ უნდა ქურქი გადაიცვას, „ნაცი“ მაინც „ნაცია“, საერთო ნიშანში ერთიანდება, უსამშობლობაში
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობას“ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვს, პრობლემაა „ნაცობაში“, რაც არ უნდა ქურქი გადაიცვას, „ნაცი“ მაინც „ნაცია“, საერთო ნიშანში ერთიანდება, უსამშობლობაში

„ნაცმოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იმყოფება, ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ, არანაირი გასაღები არ აქვთ, არც ისეთი და არც ასეთი, რომელზეც ვირტუალურად თავად საუბრობენ. რეალურად, „ნაცმოძრაობაში“ კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის „ნაცობაში“, ეს კიდევ უფრო ფართო ცნებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაცობა“ პრობლემაა და ეს ტერმინი მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს კი არ მოიცავს, არამედ სხვა პარტიებსაც, რომლებიც მათი კლასტერები არიან.

„მათი საერთო ნიშანი არის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად დროსთან მიმართებით შეგვიძლია, ვთქვათ, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალების შესრულება და უსამშობლობა. ეს აქვთ მათ საერთო ნიშანი. ამ ნიშნის ქვეშ ერთი სახელი რა დავარქვაო, ადამიანი რომ ფიქრობს, არის „ნაცობა“. ყველას „ნაცებს“ რომ ეძახითო, მოგისმენიათ საყვედურები ჩვენს მიმართ, მათ ვეძახით „ნაცებს“, ვინც ამ საერთო ნიშანში ანუ დავალების უპირობო შესრულებაში ერთიანდებიან, დავალებას უპირობოდ ასრულებენ. შესაბამისად, უსამშობლოები არიან და თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვიან. დავუშვათ, დღეს მართლა რომ არაფერს აკეთებდეს შენი ხელისუფლება რეკომენდაციების კუთხით, შეიძლება, იქ გაჩერდე და თქვა, რომ ყველაფერი კეთდება და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ დროს მართლა კეთდება და ამბობენ, რომ არ კეთდება, არ იმსახურებს. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ იქნებ ხელისუფლება გადავაყირაოო, ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა. სტატუსთან დაკავშირებით ოდნავი რისკი მაინც თუ შეიძლება, იყოს, ამაში პირველი დამნაშავეები არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ანუ საქართველოს მტრული ნარატივის დასაყრდენები. ამას საზოგადოება კარგად ხედავს, თორემ დღეს ეს სიტუაცია არ იქნებოდა და მზარდი რეიტინგი არ ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 11 წლის მმართველობის თავზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გაერთიანებას გამორიცხავს.

„მათ გადაალაგეს, თვითონ შიგნით ინაწილებენ ვითომ სავარაუდო სამომავლო პოზიციებს, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს აგდებენ ახლა, რომ ერთი-ორი კოალიცია, გაერთიანება შექმნან, მაგრამ „ნაცი“ „ნაცია“ და რაც არ უნდა ქურქი გადაიცვას ცხვრის თუ ასე შემდეგ, „ნაცი“ მაინც „ნაცია“, საერთო ნიშანში ერთიანდება, უსამშობლობაში და დავალების უპირობო შესრულებაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.