მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ როდესაც ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან“
„ნაცმოძრაობა“ როდესაც ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში, რათა ბიძინა ივანიშვილს დარტყმა მიაყენონ.
„შეკვეთილი სტატიები, ე.წ. რუსული კანონი რომ დაარქვეს აქ, ამერიკაში მოქმედი ამ კანონის თანახმად გამოქვეყნდა დოკუმენტები, ხომ ვნახეთ, რომ საქართველოდან, უცხოეთიდან კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. „ამ ქველმოქმედების ძირითადი, 90-95 პროცენტზე მეტი იხარჯებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და ამ მიმართულებით ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება „ნაცებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ორი მილიარდითაც კი ვერ დააშანტაჟეს და ეს არის ისტორიული მაგალითი, როგორ არ იყიდება ქვეყანა.
„2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცები და ისე არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს არაფერია. ადამიანები, რომლებიც თვეში 2 ათას დოლარად იყიდებიან ხოლმე, რომელიღაც მიმართულებიდან წამოსული ხელფასებით ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ, ყოველდღე იყიდებიან თვეში ორი ათას დოლარად, ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ, რომ ორი მილიარდითაც კი ადამიანი ვერ დააშანტაჟეს. ამ ადამიანს საერთოდ არ გაუფიქრია, რომ ამ ორ მილიარდთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო კი არა, რაიმე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, როგორ არ იყიდება ქვეყანა?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.