მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს აქციის დაანონსება, არის უკიდურესი პროვოკაცია და სასოწარკვეთილების პიკი
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რეალური რესურსი, რაიმე სახის წარმატების, ეს იციან ძალიან კარგად, ამიტომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათი გეგმები შეიცვალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მრავალათასიანი მიტინგის, აქციის, თუ მავნებლობის გამართვის დროდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მითითებული აქვს დღის 12:00 საათი.
„ჩვენ ბევრს ვილაპარაკებთ ამ აქციის ლეგიტიმაციასთან თუ უკანონობასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, მე საზოგადოებას მივაწოდე დღეს მშრალი ინფორმაცია, ჩვენი, ჩემი შეფასებით და ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ ამ შეფასებაში სუბიექტური არაფერი იყო. როდესაც პარტია, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში პოლიტიკურ ასპარეზზე ჯერ კიდევ მეორე ადგილს იკავებს, მართალია დაბალი რეიტინგით, მაგრამ მაინც მეორე ადგილზეა, აანონსებს აქციას და მერიას სთხოვს ნებართვას თუ აფრთხილებს, რომ არჩევნების დღეს 12:00 საათიდან იქნება აქცია. ეს არის უკიდურესი პროვოკაცია და სასოწარკვეთილების პიკი, რომელსაც მიჰყო ხელი და რომელსაც დაეუფლა „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება და ისინი აქციებისა და არეულობისთვის ემზადებიან.