მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასიათასობით დოლარი დახარჯა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასიათასობით დოლარი დახარჯა, რათა დაარწმუნოს ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ, ეს ასიათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, მარტო სოციალურ ქსელებში 65 ათასი დოლარი აქვთ დახარჯული.
ამასთან, მდინარაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც სიღარიბეს და ინფლაციას ახლავს თან. მან აღნიშნა, რომ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზე აღნიშნული ნიშნულის შენარჩუნება ნორმალური შედეგია.
„ვიცით, რომ 15% ძალიან გაჭირვებულია და მათზე ვზრუნავთ. ბავშვებზე რომ ზრუნავენ ვითომ, წარმოედგინათ მათ, რომ თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე 200 ლარი იქნებოდა შემწეობა, რომ ელემენტარული საკვები მაინც ჰქონოდა ყველას? დღეს რა სოციალური პაკეტებიც არის, დაზღვევის, ჯანდაცვის, რა დახმარებაც აქვთ ბავშვებს, დიდებს, სოციალური დახმარება და სოციალური დახმარების შემწეობის მიმღებების რაოდენობა, უკიდურეს სიღარიბეში მყოფების რაოდენობას რომ გაცილებით გასცდა, ამას წარმოიდგენდნენ, კბილებს რომ აძრობდნენ ხალხს და უკბილოდ ტოვებდნენ? ამას ხომ ვერ წარმოიდგენდნენ და ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 7%-იანი საშუალო ინფლაცია არ ჰქონოდათ ეკონომიკური ბუმების ფონზე, მხოლოდ ერთი კრიზისი იყო მათ დროს და ჩვენ ორი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზეც მოვახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება. ის ნიშნულიც მაღალია, გასაგებია, ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს, ეს მშვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, სამართლიან განაწილებასთან ერთად საზოგადოებაში არის ძალიან ნორმალური შედეგი.
ეს ყველაფერი არის ძნელი მისაღწევი და საქართველო არასდროს დაიხევს უკან იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნული მიზანი აღასრულოს. ამაში შედის დეოკუპაცია, ევროპა და ევროპელობა, ევროპულ გზაზე სწორი სიარული, ამაში შედის ეკონომიკური კეთილდღეობა და მშვიდობა. ამ ყველაფრის ერთად კეთება არის რთული, დიდ გამოწვევებს ვუძლებთ, მაგრამ ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.