მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მესამედ გადააგდეს ხალხი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია, თუ ვინმე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ მხარი დაუჭირეს, რომელიმე შეხვედრაზე ვინმეს გათავისუფლებას დაეთანხმნენ ან რაიმე მსგავსი პირობა დადეს.
„გასაგებია, მეორე მხრივ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თავისი მოტივაცია ჰქონდა. თუ ერთი ადამიანის, მათგან პოლიტპატიმრად წოდებულის გათავისუფლებაზე ისინი თვითნებურად ჩამოკიდებენ კონსტიტუციისა და ქვეყნის ბედს, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი პასუხისმგებლობა, მათ შორის, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ამაზე ამომრჩეველი თავის რეაგირებას გააკეთებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ არჩევნების ძველი მოდელით ჩატარება ხელსაყრელი იყოს.
„ერთხელ ვიხუმრე და დღესაც ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ შეიძლება, მართლა აწყობდეთ ძველი მოდელით ჩატარება, რადგან მათი საყვარელი მოდელია. თავის დროზე დატოვეს, ერთხელ, მეორედ, მესამედ გადააგდეს ხალხი, აქეთ გაღმა რომ გვედავებიან. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იყო, შემოვიდნენ და მაინც იგივე დატოვეს. ამის მიუხედავად, შეიძლება, დღესაც აწყობდეთ, რადგან ხედავთ უკვე, რომ ადგილებს ვერ იყოფენ, მაჟორიტარების ადგილებს ვერ იყოფენ, სიაში ვერ კომპლექტდებიან. როგორც ჩანს, ადგილები არ ჰყოფნით და რისკი მათთვის აბსოლუტურად მართლზომიერია იქიდან გამომდინარე, რომ თუ ძველი მოდელით ჩატარდება, მაჟორიტარებთან დაკავშირებით მარტივად გაიყოფენ ადგილებს.
აქ კარგად ჩანს, რომ საუბარი კი არ არის რაღაც მაღალ მატერიებზე, სამშობლოზე და მის მომავალზე, როგორც ისინი თავის საუბარში წარმოაჩენენ, არამედ საუბარია იმაზე, ვინ რამდენ ადგილს დაიკავებს, ოპოზიციური სპექტრიდან რომელი პარტია და რომელი მაჟორიტარი რომელ ოლქში იყრის კენჭს. ამაზეა ლაპარაკი და ეს ცალსახად ჩანს, რადგან რისკადაც კი უღირთ, თუ ჩავარდება, ჩავარდეს, მათგან მეტი მაჟორიტარი დააყენებს სხვადასხვა ოლქში კანდიდატურას“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.