მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით უნამუსო განცხადებებს აკეთებენ
ჩვენ დღეს მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსებაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს წინადადება რაციონალურად არ ჩაითვალა.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს შენობის შემოწმება, ხოლო შესაბამისი დასკვნების შემდეგ გადაწყდება, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით. ბევრი პრობლემაა ამ შენობაში, ამიტომ ახლა მიდის შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება, ექსპერტებისაც, ჰაერზეც კი პრობლემა იყო, სუნთქვა ჭირდა, ამიტომ გასარკვევია, იქ რა შეიძლება გაუმჯობესდეს. დასკვნების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც გადავიდა შენობა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.