მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიან პროვოკაციებს იქ, სადაც კამერები და უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიან პროვოკაციებს იქ, სადაც კამერები და უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან

არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად, დემოკრატიულ გარემოში თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რომელსაც უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და მათი მედიასაშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ 12:00 საათიანი საინფორმაციო საშუალებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში არ გასულა არც მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის და არც ოფიციალური უწყების, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ, დაუმალონ საზოგადოებას სიმართლე, ფაქტები და რეალობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ეს არის მათი პროვოკაციული ქმედებების ნაწილია.

„რაც შეეხება სიებს, ვუყურებთ დილიდან, რომ ჟურნალისტები დასდევენ ჩვენს მომხრეებს, მათ შორის კოორდინატორებს, „ქართული ოცნების“ აქტივს სიებთან დაკავშირებით. ამ სიებში არაფერია უკანონო, თითქმის ყველა პარტიას აქვს სიები წაღებული ცესკო-დან. ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც პარტიას შეუძლია, გამოითხოვოს და ამ უფლებით ნასარგებლები აქვს ყველა ძირითად საარჩევნო სუბიექტს, მათ შორის პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ცესკო-ში და არც ერთ სიაში არ არის არაფერი უკანონო. შეუძლიათ, თავისუფლად გამოიყენონ სიები, ისარგებლონ, მათ შორის მოახდინონ მხარდამჭერების აღრიცხვა ან ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა თავისუფლად, თამამად და ნუ შეუშინდებიან პროვოკაციულ ფონს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ხელოვნურად ქმნიან პროვოკაციებს იქ, სადაც კამერები და უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან.

„ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად ვაკის N11 უბანზე, როდესაც გამოჩნდნენ უცხოელი დამკვირვებლები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ მადლობა რიგით მოქალაქეებს, ცესკო-სა და კომისიების წარმომადგენლებს, ადამიანებს, ვინც უბანზე იმყოფებოდნენ, ამ პროვოკაციას არც ერთ მათგანი არ წამოეგო, დაძაბულობის ფონი არ შექმნეს და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მან ყველას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციას.

„მთელი დღის განმავლობაში „რუსთავის 2“-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ხდება პირდაპირი ზეწოლა, პროვოკაციული ფონის შექმნა, მაგრამ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, რომელთაც ასევე მოვუწოდებ, რომ დღის ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაქსიმალურად ეცადონ, არ აყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც ქმნიან ხელოვნურად, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.