მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ღამით ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით საარჩევნო უბანში შესვლას ცდილობდნენ, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება
საარჩევნო უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.
„გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. რამე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში არ მონაწილეობენ, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გუშინ, გვიან ღამით რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა , როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით უბანში შესვლას ცდილობდნენ, რაც მდინარაძის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
ამასთან, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, აღნიშნულ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან „ქართული ოცნების“ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.
„ასევე, კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულვებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე, ანუ დღევანდელი დღე, უკვე 12 საათიდან ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას დაუთმო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში.
„მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.
„დარწმუნებული ვართ, ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.