მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კოტე იოსელიანმა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კოტე იოსელიანმა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი თქმით, რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით უფრო ცდილობენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები პროვოკაციული ფონის შექმნას.
მდინარაძის განცხადებით, კოტე იოსელიანმა ვაკის ოლქში ხელოვნურად შექმნა დაძაბული სიტუაცია.
„რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით უფრო ცდილობენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები პროვოკაციული ფონის შექმნას. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კოტე იოსელიანი ვაკის ოლქში იმყოფებოდა, რომელმაც ხელოვნურად შექმნა დაძაბული სიტუაცია და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე იქნება რეაგირება. მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, მსგავს ფაქტებს მიაქციონ ყურადღება და მოახდინონ რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში ლილე ლიპარტელიანი კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში, რაც აფერხებს საარჩევნო პროცესს.
„ასეთი შემთხვევები ქვეყნის ტერიტორიაზე მრავლად არის. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პროვოკაციული მოქმედებებისა, საბოლოო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბოლო საათი დარჩა და ის სავარაუდო შედეგი, რომელიც უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას, ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პირველი ტურში გამარჯვების შანსი და ამაზე ყველა მონაცემი მეტყველებს. საჭიროა, ბოლო წუთამდე შევინარჩუნოთ აქტიურობა. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თუკი ვინმე ჯერ კიდევ სახლშია, ამ შედეგის შესანარჩუნებლად მათი მხარდაჭერა გვჭირდება. ამისათვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ამასთან, არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს ძალიან დიდი მოთმინებისათვის, ძალიან დიდი სიმყარისთვის და კანონის ფარგლებში მოქმედებისათვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.