მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის მხოლოდ ის ნაწილი გამოქვეყნდა, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს შექმნიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის მხოლოდ ის ნაწილი გამოქვეყნდა, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს შექმნიდა.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საუბარი არანაირ პრივილიგებულ პირზე არ არის, საუბარია ხელისუფლებაზე განაწყენებულ ადამიანზე, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებას თავისი ახლობლის, დეპუტატის საშუალებით შანტაჟის ენით ელაპარაკოს.
„დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ისეთი მოცემულობა არ გვაქვს, რომ ხელისუფლება შანტაჟს ექვემდებარებოდეს, რადგან მაღალი ხარისხის დემოკრატია სისუსტეს არ ნიშნავს, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. მთავარი პროკურატურა ჩანაწერების გარკვეულ ნაწილს ასაჯაროვებს, რომელიც „რუსთავი 2“-მა არ გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხოლოდ ის ნაწილი გამოქვეყნდა, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს შექმნიდა. ეს ნაწილი რატომღაც არ გამოქვეყნდა. როგორც ვიცი, პროკურატურას ყველა ჩანაწერი აქვს, რაც განხორციელდა და ეს კონკრეტული პირისგან აქვს ამოღებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით 6 ივლისაა ჩაწერილი. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის გაწირეს, სასამართლოს განაჩენი მისთვის წინასწარ ცნობილია და ამის გამო აპირებს, გახმაურებულ საქმეებზე – თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ა.შ. ტყუილები ისაუბროს.