მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, „ნაცმოძრაობას“ ვაფრთხილებ, დავალებების გაცემას თავი დაანებეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, მათ შორის მითითება სიტყვასიტყვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ბრიფინგზე წარმოდგენილი ინფორმაცია პარტიულად არის მოპოვებული.
„მინდა, გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია პარტიულად, სუს-ის და უსაფრთხოების სამსახური გამორიცხეთ. ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გადმოგცემთ ამ „სქრინებს“. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, მათ შორის მითითება სიტყვასიტყვით. „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩათი – „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენ დანახვაზე, ანუ ძალადობის პირდაპირი მითითებაა, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო, რასაც ნახავთ. 100 მეტრი დისტანცია არის დადგენილი კანონით და შეგიძლიათ, ეს მოიშველიოთ. თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ“. იქ წერია ასე. ანუ თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით ხარო და ამიტომ უნდა გცემოო, ალბათ უნდა უთხრან. თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთო, ანუ ყველას აქვს რაღაც ბეიჯი, თითქმის ზონდერებს რაღაც სხვადასხვა ორგანიზაციებით და გადაადგილდებიან მათი სახელით. ეს სქრინები „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩათიდან არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ მოუწოდა ყველას, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს.
„ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ დავალებების გაცემას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ. პანიკასაც თავი დაანებეთ. ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს არავის ამ ქვეყანაში. ასეთი მდაბიო ფეიკებით და 30-კაციანი ზონდერებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. მოვუწოდებ ყველას, თავი დაანებონ პროვოკაციებს. ნუ სარგებლობენ იმით, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, ვიღაცები რაღაცას რომ უთმენენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმათი დაჩაგვრა შეიძლება. არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ ამავე დროს ნუ სარგებლობთ მათი და ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და ვიდრე დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ ამ უბინძურეს პროვოკაციებს. ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება, რომ მთელ ქალაქში დადიოდეს სხვადასხვა ჯგუფი, ერთი ჯგუფი დადის მხოლოდ. ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში, 163 სკოლაში, შემდეგ ისანში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, წინასწარ გეუბნებით „დირსის“ დასახლებაში ჩადიან ახლა, შეიძლება, გზიდან მიბრუნდნენ, თუ ვინმე დაურეკავს და ეტყვიან, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო. ასე დაბოდიალობენ წინ და უკან“, – განაცხადა მდინარაძემ.