მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებების სერია ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია გაგრძელდება
„ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები იმდენად არიან აჭრილები, რომ მათგანაღიარებების სერია ვიხილეთ და მოვისმინეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია მათი ამ ისტერიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირდაპირ ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევებს აყალბებდა. მდინარაძის განცხადებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც კი არ უჭერდნენ მხარს.
„ჩვენ ამას ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში. ვამბობდით, რომ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობასთან“ და მაშინდელ „რუსთავი 2“-თან აფელირებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ატარებენ საველე სამუშაოებს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას აქვეყნებენ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ჩანს, შეცდომაში შეჰყავდათ და ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას. ასევე, რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, როდესაც მან მძიმე დანაშაულებს მძიმე შეცდომები უწოდა და ეს იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა და თან აღიარება გაეკეთებინებინა. არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისთვისაც კი ყოვლად უსარგებლო ვიდეო რგოლი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ბევრ აღიარებას. დარწმუნებული, ვარ ლუსტრაცია გაგრძელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო კანონმდებლობით დაშვებული არ არის.
„სააკაშვილის არჩევნებში მონაწილეობა კანონიერი ვერ იქნება, უბრალოდ ფორმალური თვალსაზრისითაც კი შეუძლებელია პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატის დაყენება. როდესაც მისი თანაპარტიელები მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად აყენებენ, ესეც აღიარებაა, რომ კრიმინალური ოპოზიციაა. მათი მიზანი საარჩევნო შედეგები კი არა, დესტაბილიზაცია და საპროტესტო მუხტის გაჩენაა. ეს შეუძლებელია, რადგან საზოგადოება სწორად აფასებს მოვლენებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ადამიანების წამება და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სამარკო ნიშანი იყო.
„მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა გამოსცადა. მან გამოსცადა სამართლიანი სასამართლო, ხოლო მისი მმართველობის დროს რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოსცადა უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ წამებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენებზე, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი, რომ თურმე სასამართლო მის დროს არ ყოფილა კარგი, ეს უბრალოდ ფარისევლობაა. მისი ეს აღიარებები ემსახურება კონკრეტულ, მიზანს, რომ ცოტა მეტი ხმა მიიღოს, მეტი მანდატი ჰქონდეს მას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მდინარაძემ.