მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღეებში მართლაც საცერივით გამოდის ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ჩაეშალათ დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე. ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, ჩვენც ამის მითითება მივეცით, რომ გაეკონტროლებინათ, ვინმეს ასეთი ინფორმაცია არ გაევრცელებინა. მოხდა ერთი ფაქტი, „ტვ პირველის“ ეთერში, როგორც ჩანს ამ მიზნით, ჩაერთო ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელმაც განაცხადა, თითქოს, ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს თვითიზოლაციაში მყოფი პირები. საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც მართლაც იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ორი დღის წინ გაუვიდათ იზოლაციის ვადა. რომ შეაშინონ ამომრჩევლები, თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები ფიქსირდებიან უბნებზე, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ტყუილი. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჟურნალისტს, ნუ ჩაებმებიან იმ სქემაში, რომელზეც წინა სამი-ოთხი დღის განმავლობაში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ. ერთი მართალი ინფორმაცია არ გასულა დილიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნებზე ამომრჩეველთა პროვოცირებას ცდილობენ.
„ერთ-ერთი იყო გლდანში მომხდარი ინციდენტი, სადაც საუბრობდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. კადრებში აჩვენებდნენ უბრალოდ კამათის რამდენიმეწამიან მონაკვეთს და თქვეს, რომ ეს იყო ერთი-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი. რაც ასევე არის ტყუილი, ეს ადამიანი არის, ილარიონ მიროტაძე. მასთან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ვიდეო გადაღებას ერთ-ერთი ადამიანი, ამასთან დაკავშირებით მოხდა კამათი და ეს კადრები ვიხილეთ მხოლოდ. სამგორის 39-ე უბანზე ჩვენ ვნახეთ მართლაც ფიზიკური დაპირისპირების კადრები, თითქოს, ეს იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელმაც კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა. აქ იყო ფოტოგადაღება ამომჩეველზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, მიდიოდნენ და საათების განმავლობაში ახლოდან აწარმოებდნენ ფოტოგადაღებას პროვოკაციულად. როდესაც ამას მოჰყვა ამომრჩევლის და არა ჩვენი აქტივისტის მხრიდან რეაგირება, შემდეგ უკვე წავიდნენ სიტყვიერ დაპირისპირებაზე, რომ გამოეწვიათ რაიმე სახის კონფლიქტი. მთავარი არხი, ანუ „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი დილიდან აცხადებს, რომ ხდება ამომრჩევლის ნების კონტროლი და ამის მტკიცებულებად მოჰყავთ, რომ ჩვენი, ანუ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნის გარეთ, მოშორებით გარკვეულ სიებში აღრიცხვას აწარმოებენ. კიდევ ერთხელ, კატეოგრიულად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის სიები, ღია წყაროები, ცესკო-ს საიტზე მოიპოვება, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თითოეულ თქვენგანს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამოიღოს და კანონიერია, თუ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ახორციელებს თავინთი მომხრეების აღრიცხვას. მინდა გავახარო ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები“, – განაცხადა მდინარაძემ.