მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობას“ არ აინტერესებს და აღიზიანებს მედია, რომელიც მათ პარტიულ ინტერესებს არ ემსახურება
„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს რომ შეეძლოს და საბედნიეროდ არ შეუძლია, რასაც თავის დროზე აკეთებდა, 10-ჯერ უარეს გააკეთებდა, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მისცემს, ამის ავანგარდში ვიქნებით და რა თქმა უნდა, ეს ქართველ ხალხთან ერთად იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობას“ არ აინტერესებს და აღიზიანებს მედია, რომელიც მათ პარტიულ ინტერესებს არ ემსახურება.
„ყველას ვთხოვ, ნუ გავაკეთებთ იმას, ნურც დღეს და ნურც მომავალში, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. მას არჩევნები პირწმინდად აქვს წაგებული. როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი წინა კვირეებთან შედარებით და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ ირაკლი კობახიძე, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, მე არ გამიგია მისგან დედის გინება და მელიამ გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი. ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად თავის თავზეც გამოსცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები. მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ, რათა ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ და ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ ისარგებლოს. მათ მეტი შანსი არ აქვთ. მარტო ერთადერთი გზა და ერთადერთი პლატფორმა არის ტყუილი, პროვოკაცია და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ. მესმის ურთულესი მოსათმენია, მაგრამ საერთო საქმისთვის, ამ ქვეყნის მშვიდობისთვის უნდა მოვითმინოთ. მდაბიო პროვოკაციაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ფაქტიც, რომ ევროკავშირის ოფისის წინ კრიმინალი მელია ასეთ მძიმე პროვოკაციას აწყობს მეტყველებს იმაზე, რომ არ აინტერესებს საერთოდ ეს ევროკავშირის ოფისის მიმდებარედ იქნება თუ სხვა ადგილზე.
„მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მიზანი აქვს ერთი, რომ მან რამენაირად ვინმე, მით უმეტეს პარტიის ხელმძღვანელი წამოაგოს პროვოკაციაზე. მედიის მიმართ დამოკიდებულება, როგორც თავის დროზე იყო, დღესაც იგივეა. რეალურად მათ არ აინტერესებთ და აღიზიანებთ მედია, რომელიც მათ პარტიულ ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ შემთხვევითი არ იყო მაინც და მაინც „პოსტ ტვ“-ის მიკროფონის წართმევა და იმით რაღაც დამატებითი პროვოკაციის მოწყობა. მათ დღეს რომ შეეძლოთ, საბედნიეროდ არ შეუძლიათ, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, 10-ჯერ უარეს გააკეთებდნენ, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მისცემს. ამის ავანგარდში ჩვენ ვიქნებით და რა თქმა უნდა, ეს ქართველ ხალხთან ერთად იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.