მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაშლილია, მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, თუმცა ეს კარგია, დრამატულად ეშვება მათი რეიტინგი
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დაშლილია, მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, თუმცა ეს კარგია, დრამატულად ეშვება მათი რეიტინგი

პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია, ვერსაიდან გარიცხავენ და ვერც მიიღებენ, რადგან პარტია არ არსებობს, პარტია მთლიანად დაშლილია, სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კარგია ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.

„ერთმანეთს რიცხავენ, ერთმანეთს ებრძვიან და ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში დატრიალებული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები აქვს შემორჩენილი, დრამატულად ეშვება რეიტინგი, მათი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი დრამატული ვარდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტია პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს, ამაზეც არის ცალკე ბრძოლები, მათ შორის, მათი ოლიგარქების კარზეც ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ ქულას დაიწერს და ვინ უფრო გამოიჩენს რადიკალიზმში თავს. ეს პარტია, იმის გარდა, რომ წარსულის მძიმე ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული. თუ ამ მავნებლობის ხარისხს ამცირებენ ხოლმე და არ ჩანან, შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული. ასეთი დრამატული სიტუაცია აქვთ, თუმცა ეს კარგია, რაც მეტი ასეთი მოხდება, უფრო აჩენენ თავიანთ სახეს. ბევრი გულწრფელი ადამიანი შეიძლება, მხარს უჭერდეს, შესაბამისად, ამ ადამიანის რწმენისთვის, რომ კიდევ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდე, ამ ადამიანების სამომავლო არჩევანისთვის კარგია. ისინი ამით თავიანთ სახეს აჩენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.