მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს კრიტიკას, ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ 
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს კრიტიკას, ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ 

ოპოზიცია ყოველთვის აკეთებდა რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები, მხოლოდ ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ და მათ დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რათა რეალური, რუსული, საოკუპაციო სახე დაფარონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ სხდომათა დარბაზში რუსული ჰიმნის ჩართვა უხეში და ამორალური ქმედებაა.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე პარლამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს კონკრეტული შედეგების გადაფარვის ყოველდღიურ მცდელობას. ერთ-ერთი იყო დღეს, მათ შორის ძალიან უხეში და ამორალური ფორმით. ქვეცნობიერი როგორც ჩანს, მაინც თავისას შვება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ამ დარბაზში დღეს ჩვენმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, საბჭოთა რუსული ჰიმნი ჩართეს. ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოში მოხსენიებული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, დღესაც მწირი მტკიცებულებებით ვიქნებოდით ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილი. ესენი არიან ადამიანები, ვინც სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააგვირგვინეს დღეს რუსული ჰიმნით საქართველოს პარლამენტში. ქვეცნობიერი თავისას შვება, თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის მადლობასაც ეტყვიან მათ. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები, ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ და დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი რეალური სახე და ნიღაბი დაფარონ და დამალონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, ან მისი რომელიმე სატელიტის მიმართ,  ამერიკელ რომელიმე კონგრესმენს გაუჩნდეს სიმპათია და ეს არ აღვიქვათ მეგობრულ კრიტიკად“.

„როგორ შეიძლება მათი მობრუნება ვინმეს თანამედროვე სამყაროში უნდოდეს, ვინც ზუსტად იცის მათი სასტიკი საქმეების შესახებ, მათი სასამართლოსა და პროკურატურის შესახებ. დღეს აქეთ ბედავენ კრიტიკას, სამწუხაროდ ეს არის დემოკრატიის ფასი და ჩვენ ეს ფასი უნდა გადავიხადოთ, რათა ჩვენმა შვილებმა გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ამ ფასს ვიხდით და მესმის ყველას ემოცია. „ნაცმოძრაობა“ სირცხვილის კორიდორს რომ მოგიწყობს, იქ ძალიან კარგად მესმის ყველა თქვენგანის პირადი რეაქცია. ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც ჩვენს მომავალში უნდა გადავიხადოთ ჩვენი შვილების, ქართული საზოგადოების კეთილდღეობაში და ევროპულ მომავალში უნდა გადავიხადოთ. ამ ფასს ვიხდით, ვითავისებთ ამ პასუხისმგებლობას და ვაკეთებთ საქმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.