მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვითანამშრომლებთ, ეს ერთადერთი დოგმაა, რაც შეიძლება საკუთარ თავს დავუწესოთ
ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვითანამშრომლებთ, ეს ერთადერთი დოგმაა, რაც შეიძლება საკუთარ თავს დავუწესოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არათუ კოალიციაზე, არამედ თანამშრომლობაზეც არ შეიძლება საუბარი, რადგან ანტიეროვნულ საქმეს აკეთებს.
„როგორც პარტიის ლიდერის, ასევე თითოეული ჩვენგანის ბუნებრივი პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიასთან, რომელიც ყველა თავისი მოქმედებით, ყველა თავისი განცხადებით, არის ანტიეროვნული და ქვეყნისთვის ცუდ რაღაცებს აკეთებს, არ შეიძლება თანამშრომლობა და მით უმეტეს, კოალიციაზე საუბარი. მგონი, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
ე. წ. „ევროპული საქართველოს“, ანუ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს ისე უთქვამს, თითქოს ვინმე ეპატიჟებოდეს, რომ კოალიციას არ შექმნის. თითქოს, ვიღაც ერთი წლით ადრე კალთებს ახევდეს, გინდა თუ არა ჩემთან უნდა შექმნა კოალიციაო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ იმ ძალებთან, იმ პარტიასთან, თუნდაც მის შტოებთან, რომელიც ყველა თავისი განცხადებით, ყველა თავისი მოქმედებით, ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს, არავინ არ აპირებს თანამშრომლობას. ვინც ამ ორბიტიდან არის გასული და შეიძლება სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, სამშობლო უყვარდეს, ნებისმიერ პარტიასთან შეიძლება თანამშრომლობა, მათ შორის, კოალიციაზე საუბარი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.