მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასული ხართ, რომელი აჯობებთ რადიკალიზმში, ხალხს სულ არ აინტერესებს, კირკიტაძე და ხაბეიშვილი აჯობებენ, თუ მიშას „სასტავიდან“ გამოვა ვინმე და მეტად „მიახურავს“ ვიღაცას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ.
ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებას, რომელმაც სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამა გააკრიტიკა.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, შესაძლოა, ხარვეზები არსებობდეს, მაგრამ ის დროდადრო გამოსწორდება. მისივე განცხადებით, დასახელებული პროგრამის ფარგლებში ათასობით და ათიათასობით მოქალაქეს მიეცემა საშუალება, დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს.
„დღეს რომ აქ ისტერია მოეწყო, იცით რატომ მოეწყო? რადგან შიდაკლანური დაპირისპირებისას, სამი სხვადასხვა კლანი რომ გაქვთ, ერთი კლანის მდიდარმა მეთაურმა დაავალა იმ ხალხს, რომელსაც აფინანსებს ცალკე, თქვენი პარტიისა და ფორმალური თავმჯდომარის გვერდის ავლით, რომ სასწრაფოდ დაიკავეთ რადიკალური ნიშა. ვინაიდან თქვენ ჩვენზე რეალურ ინფორმაციას არ ფლობთ და ზღაპრებს ჰყვებით, მე ზღაპარს ნამდვილად არ მოგიყვებით, თქვენთან რა ხდება, იმას გეტყვით. სამი შიდა კლანიდან, ერთის მეთაურმა დაავალა დღეს ისტერიკაში ჩავარდნილ ადამიანებს, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ რადიკალური ნიშა. წყნარად რომ ხართ იქ, პარლამენტში, ხომ ხედავთ, მელიას კლანი როგორ გჯობნის და ტყუილად გაძლევ ფულსო? და დღეს გაგიჟდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ორი წელია, ხმა არ ამოუღია. იმერულ ესკიზებშია ხომ, ხმა რომ არ ამოგიღია ორი წელი, ამდენი ხანი რომ ზიხარ აქო. ორი წელი ხმა არ ამოუღია და დღეს ჩავარდა ისტერიკაში, თურმე ხალხის ბედი აწუხებს და არ არსებობს იმაზე მეტი მდაბიო პოპულიზმი, წარმატებულ ადამიანს მიუბრუნდე და უთხრა, რომ იცი რა, შენ მდიდარი ხარ და შენ სადაც მაჟორიტარი ხარ, იქ უჭირთ თურმე ხალხს.
დიახ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ საბედნიეროდ, არა ისე, როგორც თქვენს დროს, საერთოდ არავინ აქცევდა ყურადღებას. ახლა რომ უჭირს, ვიღაცა ყურადღებას აქცევს. ვიღაცა დასაქმების პრობლემებზე ლაპარაკობს, მის გადაწყვეტის გზებზე, შემდეგ გადაწყვეტის გზებს განახორციელებს. ამ პროგრამაზე ვსაუბრობთ დღეს და კაციშვილს არ გახსენდებათ, რომ რეალურ ხარვეზებზე ილაპარაკოთ. ხომ არ გეუბნებით ან მინისტრი ხომ არ მოსულა და უთქვამს, რომ იდეალური პროგრამააო. ვერ იქნება იდეალური, რადგან უამრავი ხარვეზია, ახალია, ნოუჰაუა და გამორიცხულია, უხარვეზო იყოს. ათასი ხარვეზია, ეს თქვენზე კარგად მე ვიცი, მაგრამ იმ ხარვეზსაც ასწორებენ გზადაგზა. როგორც კი აღმოჩნდება, მყისიერი რეაგირებებია და ეს არის კარგი.
ახალი პროგრამაა და ახალი თემა, რომელმაც ათასობით და ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს უნდა მისცეს საშუალება, თან იმუშაოს და თან ორი კაპიკი აიღოს თავისი შრომის შესაბამისი. შესაბამისი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ რაღაც ანაზღაურება აიღოს და იამაყოს, რომ ორი კაპიკი, ორი თეთრი და ორი ლარი შეიტანა დამატებით იმ სოციალურ დახმარებაზე. ამან არ მოუსპო შესაძლებლობა, სახელმწიფოსგან თან მიიღოს ბენეფიტები სამედიცინო დაზღვევის, საყოველთაო დაზღვევის თუ სოციალური შემწეობის. ეს არის რეალობა. ამაზე ლაპარაკი კი არ გინდათ, თქვენ გინდათ და გადასული ხართ, რომელი აჯობებთ ერთმანეთს რადიკალიზმში შიგნით. ამ დროს ხალხი გისმენთ და სულ არ აინტერესებს, კირკიტაძე და ხაბეიშვილი აჯობებენ, თუ თქვენი კლანის რომელიღაც წარმომადგენელი მიშას, უკაცრავად, როგორც თქვენ ლაპარაკობთ, „სასტავიდან“ ვიღაცა გამოვა, უფრო რადიკალური იქნება და მეტად „მიახურავს“ ვიღაცას. ამაზე ხართ გადასული და ეს თქვენი შიდათამაშები შეინახეთ შიგნით.
როგორც ერთმანეთს უბრახუნებთ, შიგნით, გააგრძელეთ ბრახუნი და აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს თავი დაანებეთ. კარგს დაარქვით კარგი. ამასობაში რეალური პრობლემები რჩება კადრს მიღმა. ჯანდაცვის სამინისტროში პრობლემა არ არსებობს? მაგრამ იმ პრობლემების გადაჭრაზე ყოველდღიურად მუშაობა მიმდინარეობს. იმაზე მიუთითეთ, რაც რეალურად პრობლემაა, გადასაჭრელია და მოგონილ ამბებს თავი დაანებეთ. უკეთესი იქნება თქვენთვისაც, უფრო გაპიარდებით, მარტო მაგაზე რომ ხართ გადასული და უკეთესი იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც უნდა მიიღოს კონკრეტული სარგებელი კონკრეტული პროექტიდან. თქვენ გაინტერესებთ შიდა კლანური დაპირისპირება, როგორ გაიყოფთ იქ სააკაშვილის თუ კეზერაშვილის ფულებს, ვისი ტელევიზია ვისი იქნება და ასე შემდეგ. ჩემი რჩევაა, რეალურ პრობლემებზე ვიყოთ ორიენტირებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.