მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ებრძვიან ფულის, გავლენისთვის და ოცნებობენ იმავეზე, რაც თავის დროზე აკეთეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ებრძვიან ფულისთვის და პარტიის შიგნით გავლენებისთვის.
მისივე თქმით, ასევე იბრძვიან ქვეყანაში გავლენების მოსაპოვებლად, რის გამოც ჯერ „პარტიის შიგნით ჭამენ ერთმანეთს“.
„ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ, იბრძვიან გავლენებისთვის როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე – ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიურად ძლიერი, ხალხმა შვება იგრძნოს, ქვეყანა განვითარდეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. ეს ორი ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ, არიან სხვანაირად – შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ საქმის კეთებისას ბეწვის ხიდზე დავდივართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.