მამუკა მდინარაძე - ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ახორციელებს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში ახორციელებს“.
„სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია, ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას. ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება.
ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია, ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა.
თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში. „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.