მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ პარტიულ აქტივს არ უმხელს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ პარტიულ აქტივს არ უმხელს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სერიოზული კვლევა დაუკვეთა, რომლის შედეგებს თავიანთ პარტიულ აქტივს არ უმხელენ,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ არათუ პარტიული აქტივისთვის, არამედ საკუთარი პარტიის წევრებისთვის გამხელაც არ აწყობს.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ამ ძალიან ლეგიტიმურ მოწოდებას ისინი გაიზიარებენ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან თავიანთი რეიტინგები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს, ნუ დაუმალავენ თავიანთ პარტიულ აქტივს თავიანთ რეიტინგს. არათუ პარტიულმა აქტივმა, ცენტრალურ შტაბში რომ ხალხი დადის, მათმა ნაწილმაც კი არ იცის რეალური რეიტინგები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისთვის რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი. მათ დაუკვეთეს სერიოზული კვლევა, მე არ ვიცი, რამდენი ათასი კაცი იღებდა მონაწილეობას და ამ კვლევის შედეგებს ისინი არ უმხელენ თავიანთ პარტიულ აქტივს. მოვუწოდებ, გაუმხილონ და პასუხი იქნება ყველაფერზე. მათ იმდენად დაბალი რეიტინგი აქვთ, რომ არ აწყობთ თავისი პარტიის წევრების საქმის კურსში ჩაყენება. სწორედ ამიტომ არ მგონია, რომ პროაქტიური, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია ექნებათ.

საარჩევნო კონტექსტში ჩვენი საზოგადოება ძალიან განვითარდა და კიდევ უფრო კარგად ჩანს თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი. ამიტომ ვფიქრობ,  ჩვენი მხრიდან მომავალზე ორიენტირებული კომპანია იქნება და თუ ამას აყვებიან ჩვენი ოპონენტები, ესეც ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.