მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება
ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება.
„ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია, ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ – ამ გვერდს ჰქვია „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ სქრინები იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს – ასეთი არის ათობით და ასობით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ქმნიან, მათი აზრით, რა თქმა უნდა,საფუძველს, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.