მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს, რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ინფორმაცია, რომ ხვალ პრემიერი სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ინიციატივის მისაკუთრება უნდოდა დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი, რაც უვარგოდა, იყო პიარი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. დღეს, პანიკურ სიტუაციაში, აქაც ჩავარდნა მოუვიდათ, რადგან დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ. ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ხვალ პრემიერი ძალიან სერიოზულ ინიციატივას გაახმოვანებს. ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს. რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება თვეებია, მუშაობს, რომ ჭარბვალიანობის გადასაჭრელად კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა შეთანხმება. ხვალ პრემიერი ძალიან საინტერესო ინიციატივას გაახმოვანებს. ოპოზიციის კანდიდატი პანიკაშია, ხელის კანკალით გამოვიდა და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დღეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.