მამუკა მდინარაძე - „ნაცები“ შეხვდნენ „ნაცებს“ და რადიკალიზმი გადაწყვიტეს, ყველა გეგმის ჩავარდნის შემდეგ კვლავ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევის გეგმას დაუბრუნდნენ
„ნაცები“ შეხვდნენ „ნაცებს“ და რაღაც რადიკალიზმი გადაწყვიტეს, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების მიერ გამართულ შეხვედრას.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული პარტიები რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს წარმოადგენენ.
„წარმოიდგინეთ, „ნაცები“ „ნაცებს“ ხვდებიან, ოღონდ, იცით, როგორი „ნაცები?“ „ნაცები“, რომლებსაც გაუსკდათ სკანდალი რუსული რუბლებით დაფინანსების შესახებ, „ნაცები“, რომლებსაც ჯერ ეს ამბავი არ გასკდომიათ და ასე შემდეგ. ერთმანეთში დაიშლებიან, შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს და ქმნიან ფონს, რომ ერთი პარტია, მეორე პარტია. ახლა წარმოიდგინეთ, „დროა“ პარტიაა, რუბლებით დაფინანსებული პარტია, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, თუ რაც ჰქვია, ჯაფარიძეც ცალკე აღებული პარტიაა, ვაშაძეც პარტიაა, მაგრამ ვაშაძე მართლა შეიძლება, იყოს პარტია, რადგან ვაშაძე არის პარტიის ლიდერი, მეორე კაცი ჰყავს პარტიაში, ამიტომ, კი ბატონო, ვუწოდოთ პარტია, რომელიც კადრულობს იმას, ნაცებიც რომ არ კადრულობენ, წარმოიდგინეთ, „ნაცების“ უკადრებელი ხომ არაფერი დარჩა ქვეყანაში. ანუ, შეიძლება, მართლა რაღაც ნიშა დაიჭიროს და პარტია გახდეს, მაგრამ, რეალურად, ესენი არიან „ნაცების“ კლასტერი, რომლებიც რადიკალიზმზე კი არ თანხმდებიან, წარსულით, აწმყოთი და მომავლით რადიკალები და ამ ქვეყნის მტრები არიან. საუბედუროდ, ეს არის სენი, რომელიც ნელ-ნელა მოშორდება ამ ქვეყანას. რადიკალიზმი მათი ბუნებრივი მდგომარეობაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ყველა გეგმის ჩავარდნის შემდეგ კვლავ დაიგეგმა მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევა.
„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, პირველი გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის არევა, ბევრი გეგმის კრახით გავლის ფონზე, კვლავ დაუბრუნდნენ პირველ გეგმას, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყნის არევა. ახლა პირველ გეგმას უბრუნდებიან, რადგან ყველა დანარჩენი გეგმა ჩავარდა და მათთვის დავალების მიმცემებიც უკმაყოფილოები არიან, ვერაფერი მოახერხეს, ქვეყანა ვერ არიეს, ომში ვერ ჩართეს, ეკონომიკას ვერ დაარტყეს, მშვიდობას ვერ დაარტყეს. რეალურად, ფუჭი აღმოჩნდა ყველა ეს მცდელობა და ახლა უბრუნდებიან მიხეილ სააკაშვილს, მისი ავადმყოფობის გაპიარებით, რისთვისაც ლობისტებიც დაიქირავეს, ქვეყნის არევის ახალ მცდელობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, აქციებსა და რადიკალიზმზე განცხადებები მუქარად შეიძლება აღიქვას ადამიანმა, მაგრამ ეს არარელევანტურია, რადგან ქართული სახელმწიფო შედგა.
„რამდენჯერაც დაიმუქრეს – ხან ცხელი შემოდგომით დაგვემუქრნენ, ხან გადატრიალებით, ხან დამხობით, სამწუხაროდ, შემდეგ ამაში ჟურნალისტები ჩართეს, იყო პერიოდი, „ენჯეო“ სექტორს საერთოდ სახე დააკარგვინეს, წარმოიდგინეთ, წაშალეს საქართველოში „ენჯეო“ სექტორი, რადგან მათ აიძულეს ეს ხალხი, მისცეს დავალება, სცენაზე დამდგარიყვნენ და მოეთხოვათ ხელისუფლების დამხობა, გადადგომა და ასე შემდეგ. ამ მცდელობებმაც კი არ გაჭრა. რა იქნება, როგორ იქნება, სასამართლოს გადასაწყვეტია, მხოლოდ სასამართლო ობიექტურად გადაწყვეტს, რა ეკუთვნის ან არ ეკუთვნის რომელიმე პატიმარს, მათ შორის თუნდაც ის იყოს ყოფილი პრეზიდენტი. რა ეკუთვნის და რა არ ეკუთვნის, არა სასჯელის, არამედ იმ ნაწილში, რომლისთვისაც ლობისტები ჰყავთ დაქირავებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.